top of page

ოსტეოქონდროზი ხერხემლის დაავადებაა, რომელშიც მოიაზრება მალთაშუა დისკებში პირველადად განვითარებული დეგენერაციული პროცესი, რაც შემდგომ ხერხემლის ძვალ-მყესოვან აპარატში მეორადად რეაქტიული და კომპენსატორული ცვლილებების განვითარებას იწვევს.
დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში ახალგაზრდობიდანვე იწყება. დაახლოებით, 20 წლის ასაკიდან ხერხემლის მალებს შორის არსებულ დისკოში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც მათ გაუწყლოებას იწვევს. ამის გამო დისკი მყიფდება და ძალიან ადვილად, მცირე დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაზიანდეს. ეს პროცესი მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ ფაქტორს ამ პროცესის დაჩქარება ან შენელება შეუძლია.

ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დისკს ნაპრალები უჩნდება. დატვირთვის დროს კი ამ ნაპრალებიდან შესაძლოა, პულპოზური მასა სრულად ან ნაწილობრივ გამოიდევნოს. პულპოზური მასის სრულად გამოდევნის შემთხვევაში საქმე გვაქვს დისკოზთან ანუ ხერხემლის მალთაშუა თიაქართან, რომელმაც შესაძლოა, ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც კი მიგვიყვანოს.განასხვავებენ კისრის, გულმკერდისა და წელის ოსტეოქონდროზს.მათ შორის ყველაზე გავრცლებულია წელისა და კისრის ოსტეოქონდროზი, რადგან ყველაზე მეტი დატვირთვა სწორედ წელისა და კისრის მალებზე მოდის.
ტკივილი – დაავადების მთავარი სიმპტომი

წელისა და კისრის ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომი მწველი ტკივილია. ექიმსაც ყველაზე ხშირად სწორედ ამ სიმპტომის გამო მიმართავენ. საქმე ის არის, რომ კუნთოვანი კორსეტის გადაძაბვისა და ზურგის გამშლელი კუნთების სპაზმის გამო, მალათაშუა მამოძრავებელ სეგმენტებში თავს იჩენს ანთებითი და დეგენერაციული ცვლილებები, რაც საბოლოოდ ტკივილის მიზეზი ხდება.
წელის ოსტეოქონდროზი ყველაზე მეტად გავრცელებულია, ვინაიდან სხეულის დახრის, გამართვისა და სიმძიმის გადატანისას წელი ძირითად დატვირთვას იღებს. სწორედ წელში ჩნდება ყველაზე ხშირად მალებშუა თიაქარი. წელის ოსტეოქონდრის მთავარი სიმპტომი წელის მიდამოს ტკივილია, რომელსაც თან ახლავს სხვა სერიოზული ჩივილები: წვა წელის არეში; ფეხის კუნთების ტკივილი; ფეხის დაბუჟება; ინერვაციის დარღვევა ფეხში და ა.შ.
კისრის ოსტეოქონდროზს ოფისის თანამშრომლების დაავადებას უწოდებენ. მჯდომარე ცხოვრების წესი ხერხემლის კისრის განყოფილების მუდმივ დაძაბვას და ტკივილის წარმოქმნას იწვევს. კისრის ოსტეოქონდროზის დროს, ტკივილი, ძირითადად, კისრის მიდამოშია ლოკალიზებული. ტკივილს თან ახლავს:
კისტის როტაციის (მოძრაობის) შეზღუდვა; კისრის არეში სიმძიმის შეგრძნება (განსაკუთრებით დილით, გაღვიძებისას); კისრის მიდამოში წვის შეგრძნება; ხელის დაბუჟება; ინერვაციის დარღვევა ხელში; შუილი ყურებში; თავის ტკივილი (თუ დაავადებამ ტვინის მკვებავი სისხლძარღვებიც ჩაითრია); ადვილად დაღლა; შრომისუნარიანობის დაქვეითება და ა.შ.

გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები
წელისა და კისრის ტკივილის აღმოცენებას ოსტეოქონდროზი იწვევს. თავად ოსტეოქონდროზის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები კი მრავალია:
ცხოვრების მჯდომარე წესი; გაუვარჯიშებლობა; ზედმეტი წონა; არასწორი ჯდომა და წოლა; უხეში მოძრაობები; ტრავმული სპორტით დაკავება; თამბაქოს მოხმარება (ცნობილია, რომ ერთი ღერი სიგარეტის მოწევა იწვევს სისხლძარღვის ორსაათიან სპაზმს, რაც თავისთავად ხერხემლის „კვებაზე“ უარყოფითად აისახება.).

დიაგნოსტიკა
ზურგისა და წელის ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:
მიოფასციალური დიაგნოსტიკა, რომელიც საშუალებას იძლევა, რეალურად ინახოს ხერხემლის, მალთაშუა დისკებისა და, ზოგადად, სახსრებისა და კუნთების მდგომარეობა;
სპეციალური ტესტი – რომლის მეშვეობითაც, რეაბილიტოლოგთან ერთად ხდება ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კუნთის რესურსის შეფასება;
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია – რბილი ქსოვილების გამოსაკვლევად.

(წყარო)

ბევრი იშიაზსა და რადიკულიტს ერთმანეთში ურევს, უფრო სწორად, ორივეს რადიკულიტს უწოდებს. სინამდვილეში ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა. მართალია, მათი სიმპტომები მსგავსია და ზოგჯერ მკურნალობაც ერთი და იმავე მეთოდებით მიმდინარეობს, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ მკურნალობის მართებული მეთოდის შერჩევა და სათანადო შედეგის მიღება გვსურს.

იშიაზი
იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება  და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.
იშიაზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

  • ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;

  • მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;

  • მსხლისებრი კუნთის სინდრომი (მსხლისებრი კუნთი დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ მდებარეობს. საჯდომი ნერვი მასში ან მის ქვეშ გადის. ტკივილს განაპირობებს საჯდომის ნერვის მიჭყლეტა მსხლისებრი კუნთის შეკუმშვის შედეგად, თვით კუნთის სპაზმი კი ხშირად გავა-წელის ოსტეოქონდროზით არის გამოწვეული);

  • მალათაშორისი დისკის დეგენერაცია;

  • ართრიტი;

  • ტრავმა;

  • შეკრულობა;

  • დიაბეტი;

  • ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა.

სიმპტომები
იშიაზის ძირითადი სიმპტომია დუნდულა კუნთის, თეძოს უკანა ზედაპირისა და წვივის ტკივილი, რომელიც ძლიერდება უხერხული მოძრაობისა და ნერვულ ღეროზე ზეწოლის დროს. აღსანიშნავია, რომ ტკივილს ნერვის დაჭიმვაც იწვევს. სწორედ ამას ეფუძნება იშიაზის სადიაგნოსტიკო სინჯები:

  • ლასეგას სიმპტომი - ზურგზე დაწოლილ ავადმყოფს ნელ-ნელა აწევინებენ გაჭიმულ ფეხს. განსაზღვრულ სიმაღლეზე თავს იჩენს ტკივილი.

  • წამოჯდომის სიმპტომი - ავადმყოფს გაშლილ ფეხს საწოლზე უფიქსირებენ და წამოჯდომას სთხოვენ. წამოჯდომა ძლიერ ტკივილს იწვევს. ავადმყოფი წამოჯდომას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებს, რაც მტკივან ფეხს მუხლის სახსარში მოხრის.

  • სიკარას სიმპტომი - ტკივილი ძლიერდება ტერფის მოხრის დროს.

იშიაზისთვის დამახასიათებელია კუნთების ჰიპოტონია. კერძოდ,  ეშვება დუნდულა კუნთები, დაზიანების მხარეს დუნდულას ნაოჭები დაბლა იწევს, სუსტდება აქილევსის რეფლექსი. მძიმე ფორმის დროს ავადმყოფი ძლიერი ტკივილის გამო ვერ ახერხებს საწოლიდან წამოდგომას, დაჯდომას, ფეხზე დგომას, სიარულს, დახრას და მიბრუნება-მობრუნებას.
იშიაზი, ჩვეულებრივ, ცალმხრივია. ტკივილი შეიძლება დაიწყოს წელის არეში, შემდეგ გადაინაცვლოს დუნდულა კუნთში, თეძოების გავლით დაეშვას მუხლისკენ, წვივისკენ, ტერფისა და ფეხის თითებისკენ. არც ტკივილის განვითარების სხვა ვარიანტია გამორიცხული. მაგალითად, ზემოხსენებული ლოკალიზაციის სხვადასხვა კომბინაცია წელის ტკივილის გარეშე.
იშიაზის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისაა: მჭრელი, მწველი, მჩხვლეტი. შესაძლოა, მხოლოდ დაბუჟების შეგრძნება განვითარდეს.

 

რადიკულიტი
რადიკულიტი თავ-ზურგტვინის ერთ-ერთი ნერვის ფესვის ანთებაა. იგი მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იწყება: მცირე უხერხული მოძრაობის შედეგად ზურგში მწვავე ტკივილი აღმოცენდება.
სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, რადიკულიტით დაავადებულია 50 წელს გადაცილებული ყოველი მერვე ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო ხანს დაავადება საგრძნობლად გაახალგაზრდავდა: დღესდღეობით რადიკულიტს უჩივიან არა მარტო შუახნისა და ხანდაზმული ადამიანები, არამედ ახალგაზრდებიც, უმთავრესად - პროფესიონალი სპორტსმენები და გონებრივი შრომით დაკავებული პირები, მაგალითად, ისინი, ვინც მთელი დღეები კომპიუტერთან ზის.

მიზეზები
ხერხემლის არხში მოთავსებულია ზურგის ტვინი, რომლიდანაც გამოდის მთელი ორგანიზმის მუშაობაზე პასუხისმგებელი უამრავი ნერვი. რომელიმე მათგანის ტრავმული ან ანთებითი დაზიანებისას ვითარდება რადიკულიტი.
ჯერ კიდევ არ არსებობს საყოველთაო აზრი იმის შესახებ, რა შეიძლება ჩაითვალოს რადიკულიტის უშუალო მიზეზად. XIX საუკუნეში მიაჩნდათ, რომ რადიკულიტი ნერვის ფესვის დამოუკიდებლად აღმოცენებული ანთებაა, XX საუკუნის დასაწყისში გვარწმუნებდნენ, რომ ყველაფერი მალათაშორისი თიაქრის ბრალია - მალებს შორის არსებული ხრტილი იგლიჯება, გარეთ გამოდის და ნერვის ფესვს ჭყლეტს, ამჟამად კი ვარაუდობენ, რომ რადიკულიტის მიზეზი თავად ხერხემალი, უფრო ზუსტად, მისი დაზიანებაა. ითვლება, რომ ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაში რადიკულიტი ოსტეოქონდროზით არის განპირობებული, დანარჩენ 5-ში კი ხერხემლის ტრავმით, შინაგანი ორგანოების დაავადებებით, ხერხემლის ანთებითი და დისტროფიული დაზიანებით, პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნით და სხვა.

სიმპტომები
რადიკულიტის მთავარი ნიშანია ტკივილი. მისი ლოკალიზაცია უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი.
დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • კისრის რადიკულიტს;

  • კისერ-მხრის რადიკულიტს;

  • გულმკერდის რადიკულიტს;

  • გავა-წელის რადიკულიტს, რომელიც, თავის მხრივ, ან მწვავეა, ან ქრონიკული.

კისრის რადიკულიტის დროს ტკივილი ლოკალიზდება კეფისა და კისრის არეში, ძლიერდება თავის მიბრუნება-მობრუნებისას და ხველისას. ამ დროს ავადმყოფი თავს უკან აგდებს და იღებს დამცველობით რეფლექტორულ პოზას. ოსტეოქონდროზისა და სპონდილოზის ფონზე აღმოცენებული კისრის რადიკულიტის დროს ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს თავბრუხვევა, სმენის დაქვეითება, ბარბაცი და თავის ტვინის სისხლით მომარაგების დეფიციტის სხვა ნიშნები.
კისერ-მხრის რადიკულიტს ახასიათებს ჭვალისებრი ინტენსიური ტკივილი, რომელიც ლოკალიზდება კისრის არეში, მხრის სარტყელსა და ხელებში, ძლიერდება ხელების მოძრაობის, ხველის, მიბრუნება-მობრუნებისა და თავის დახრის დროს.
გულმკერდის რადიკულიტი (გულმკერდის შუა ან ქედა ფესვის დაზიანება) ხასიათდება შეტევისმაგვარი ტკივილით ნეკნთაშუა ნერვის გასწვრივ, რომელიც ძლიერდება მოძრაობის ან ღრმა ჩასუნთქვის შემთხვევაში.
გავა-წელის რადიკულიტი (გავისა და წელის ფესვების დაზიანება) ყველაზე ხშირად გვხვდება. დაავადება უმეტესად მალათაშუა დისკში, ხერხემლის სახსარში არსებული დეგენერაციული პროცესების (ოსტეოქონდროზის, თიაქრის) ფონზე აღმოცენდება, აქვს გაქრონიკულებისა და ხშირი რეციდივის ტენდენცია. გავა-წელის რადიკულიტის დროს ტკივილი სხვადასხვა ხასიათისა და ლოკალიზაციისაა, კერძოდ, აღმოცენდება საჯდომი ნერვის გასწვრივ და ძლიერდება მოძრაობის, სიარულის, დახრის დროს.

ტკივილის ლოკალიზაცია და მისი გამოხატულების ხარისხი იმაზეა დამოკიდებული, რომელ დონეზე მოხდება ნერვის ღეროს ან ფესვის მიჭყლეტა, ასევე _ იმ ქსოვილის ბუნებაზე, რომელმაც მიჭყლეტა განაპირობა. განსაკუთრებით ძლიერია ტკივილის სინდრომი ძვლოვანი წანაზარდებით, დისკით და სხვა მკვრივი ქსოვილით (მაგალითად, მალათაშორისი თიაქრით) მიჭყლეტის დროს. შედარებით რბილი ქსოვილით (კუნთი, მყესი) მიჭყლეტისას ტკივილი და მისი გაძლიერების დინამიკა ნაკლებად არის გამოხატული.

(წყარო)

დისკოზი – დეგენერაციულ – დისტროფიული პროცესი მალთაშუა დისკში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს.

დისკოზის განვითარებას ხელს უწყობენ განმეორებითი ტრავმები, ჭარბი სტატიკური ან დინამიკური დატვირთვა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა. მალთაშუა დისკო თანდათანობით შრება, კარგავს ამორტიზაციას და ხდება უფრო მგრძნობიარე მექანიკური დატვირთვის მიმართ. დისკოს პერიფერიაზე არსებული  ფიბროზული რგოლი თხელდება, უჩნდება ბზარები; პულპოზური ბირთვი ინაცვლებს პერიფერიისაკენ, ფორმირდება პროტრუზია. ტრავმის ან ინტენსიური დატვირთვის დროს პროტრუზია შესაძლოა გადიდდეს, რაც იწვევს ბირთვისა და ფიბროზული რგოლის ნაწილის გამობერვას ხერხემლის არხში (დისკოს თიაქარი) და ზეწოლას ზურგის ტვინის ფესვებზე (რადიკულოპათია). დისკოს სიმაღლის შემცირების გამო  ირღვევა მამოძრავებელი სეგმენტის ფუნქციონირება,  რომელიც მოიცავს ორ მოსაზღვრე მალას;

ეს მალები  ერთმანეთს უკავშირდებიან მალათშუა დისკოთი წინიდან   და უკანა მხრიდან – მალთაშუა სახსრებით, მათი გარემომცველი კუნთებითა და იოგებით; შედეგად სასახსრე მორჩები ინაცვლებენ, რაც იწვევს ამოვარდნილობას და მალების ერთმანეთის მიმართ ცდომას. მატულობს ხერხემლის მგრძნობელობა ტრავმებისა და მკვეთრი მოძრაობებისადმი, ჩქარდება  დეგენერაციული ცვლილებები. ხშირად ეს ცვლილებები ასიმპტომურია, მაგრამ რაიმე ტრავმისა ან ჭარბი დატვირთვისას იწვევენ ტკივილს ზურგის არეში.

წლებთან ერთად ხერხემლის მექანიკური სტაბილურობა აღდგება ოსტეოფიტების, კაფსულისა და დისკოს ფიბროზის, იოგების გასქელების ხარჯზე. აღნიშნული ცვლილებებით სრულდება ხერხემალში მიმდინარე დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებების კასკადი და ზოგჯერ ტკივილი ქრება სპონტანურად, თუმცა ამავდროულად შესაძლოა განვითარდეს ხერხემლის არხის სტენოზი.

დისკოზის კლინიკური სურათი დისკოზი შეიძლება იყოს მწვავე,  მორეციდივე და ქრონიკული. ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის დისკოზის დროს აღინიშნება გამჭოლი ტკივილი ხელში, რომელიც ძლიერდება თავის მოტრიალებისა და კისრის მოძრაობისას. დიდი ზომის თიაქრის დროს აღინიშნება კიდურების პარეზი; ხშირად ტკივილი გადაეცემა მხარში, წინამხარში, მტევანში. ხერხემლის სვეტის წელის ნაწილის დისკოზის დროს ტკივილი გადაეცემა დუნდულოებში, ბარძაყში, წვივში, ტერფში.

შორს წასულ შემთხვევებში პარესთეზია იცვლება ჰიპერესთეზიით, და ეს უკანასკნელი – ანესთეზიით, ანუ მგრძნობელობის დაკარგვით.

დისკოზის დიაგნოსტიკა: დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

(წყარო)

მალთაშუა დისკის პროტრუზია

მალთაშუა დისკის თიაქრების დროს შეინიშნება დისკის სხვადასხვა ზომის ლოკალური ამობურცულობა მალების სხეულების საზღვრებს მიღმა. ტერმინოლოგიურად სხვადასხვა ავტორის განსაზღვრებით ეს ჟღერს, როგორც დისკის ამობურცულობა ან მალთაშუა დისკის პროტრუზია. ეს ორი ტერმინი ურთიერთშენაცვლებადია და ჩვეულებრივ წარმოადგენენ ერთი და იმავე მდგომარეობის ორ სხვადასხვა ხარისხს. ამასთანავე რბილი ბირთვი რჩება ფიბროზული რგოლის ბოჭკოების შიგნით. ფიბროზული რგოლი კი სუსტდება და იწელება.

 

მალთაშუა დისკის პროლაპსი, ექსტრუზია და თიაქარი

დისკის პროლაპსი (სხვანაირად ექსტრუზირებული დისკი) წარმოიქმნება რბილი ბირთვის შეჭრის დროს ფიბროზულ რგოლში. ამ შემთხვევაში ბირთვის ფრაგმენტები განლაგებულია უკანა გასწვრივი იოგის ქვეშ. ხერხემლის კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით ყოველთვის ვერ ხერხდება დისკის თიაქრების ამ ტიპების გარჩევა. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება დისკოგრაფიის ჩატარება.

 

მალთაშუა დისკის სეკვესტრაცია ან ფრაგმენტირება

დისკის სეკვესტრაციის ან ფრაგმენტირების დროს დისკის მასალა გამოდის მალთაშუა სივრცის საზღვრებს მიღმა, უკანა გასწვრივი იოგის გავლით აღწევს ეპიდურალურ უჯრედისში და მიგრირებს ეპიდურალურ სივრცეში. თავისუფალი ფრაგმენტი შეიძლება მდებარეობდეს დისკიდან მოშორებით, გადაადგილდებოდეს როგორც კრანიალური, ისე კაუდალური, ძალიან იშვიათად კი ინტრადულარული მიმართულებით.

საზოგადო წესია ის, რომ თიაქარი ზეწოლას ახდენს ფესვზე, რომელიც მალთაშუა დისკის ქვევით მდებარეობს, ანუ L4–L5მალთაშუა დისკის თიაქარი ან პროტრუზია კომპრესირებას ახდენს L5 ნერვულ ფესვზე. ლატერალური თიაქრის ან მალთაშუა დისკის პროტრუზიის დროს შეიძლება ზეწოლა მოხდეს ნერვულ ფესვზე მალთაშუა ხვრელში და მაშინ დისკის თიაქრის ან პროტრუზიის დროს ზეწოლა მოხდება L4 ნერვულ ფესვზე.

ალთაშუა დისკის თიაქრების რადიოლოგიური კლასიფიკაცია

  1. მალთაშუა დისკის პროტრუზია ან ადგილობრივი ამობურცულობა - რბილი ბირთვი რჩება გაწელილი ფიბროზული რგოლის საზღვრებში. მალთაშუა დისკი დეფორმირებულია ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ამობურცულობის სიმაღლე არ აღემატება მისი სიგანის 1/3-ს.

  2. მალთაშუა დისკის პროლაპსი - რბილი ბირთვი ხლეჩს ფიბროზულ რგოლს, გადის მასში. უკანა გასწვრივი იოგი მთელი რჩება, პულპოზური ბირთვი მდებარეობს იოგის ქვეშ. რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს გასწვრივი იოგის გახლეჩებს, იოგი არ ატარებს თიაქრის მსხვილ ფრაგმენტებს. მალთაშუა დისკის უკანა კონტური ხორკლიანი ხდება. ამობურცულობის სიმაღლე აღემატება მისი სიგრძის მესამედს.

  3. მალთაშუა დისკის სეკვესტრირებული ან ფრაგმენტირებული თიაქრები - დისკის შემადგენელი ნაწილები განლაგებულია ეპიდურალურ სივრცეში და მასში თავისუფლად მიგრირებს.

მალთაშუა დისკის თიაქრები და პროტრუზიები იყოფა ლოკალიზაციის მიხედვით (ხერხემლის არხის წინა კედელთან მათი ურთიერთობაზე დამოკიდებულებით):

  • მალთაშუა დისკის ტოტალური თიაქარი ან პროტრუზია

  • მალთაშუა დისკის ცენტრალური (შუა) ან მედიანური თიაქრები და პროტრუზიები

  • მალთაშუა დისკის პარამედიანური თიაქრები და პროტრუზიები (რომლებიც განლაგებულია შუა ხაზსა და სასახსრე მორჩებისმედიანური კიდეების შემაერთებელ ხაზს შორის)

  • მალთაშუა დისკის ლატერალური, ფორამინალური თიაქრები და პროტრუზიები (რომლებიც განლაგებულია სასახსრე მორჩების შიდა კიდეების გარეთ)

  • მალთაშუა დისკის ექსტრაფორამინალური (შორეული გვერდული) თიაქრები და პროტრუზიები

8
7
6
5
4
პროტრუზიო
დისკოზი
ოსტეოქონდროზი

 

Contact:

  Address: Tabidze st N2, Batumi, Georgia

                   Vake, Tskneti st. building N3, Georgia    

 

  Mob: (+995) 568 03 11 03    (+995) 599 22 11 66

  E-mail: tabunidzenika@gmail.com

 

Copyright ©2017 ყველა უფლება დაცულია 

 

  • Facebook Social Icon
  • Twitter Social Icon
  • Google+ Social Icon
  • YouTube Social  Icon
  • Pinterest Social Icon
  • Instagram Social Icon
bottom of page